თბილისში, „ევროპის მოედანზე“ აქცია - „შინ ევროპისკენ“ ჩატარდა. აქციის დასასრულს, მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებზე ხელმოწერები დატოვეს.
მანამდე პარლამენტის წინ აქციაზე სამოქალქო მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა მანიფესტი წაიკითხა და მომავალი შეკრების თარიღი დაანონსა.
როგორც მანიფესტშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ივნისსაც შეიკრიბებიან, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდება.
თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.